პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვანთათვის


20.03.2023

2022 წლის ნოემბერში, თბილისში, გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა სახელმძღვანელო - „ქართული ენის გაკვეთილები“ – „Уроки грузинского языка“. წიგნის ავტორია - ფილოლოგი, მთარგმნელი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი, როინ კონჯარია. სახელმძღვანელოს რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი, ლია ბაშელეიშვილი.   

წიგნი გათვლილია რუსულ ენაზე მოლაპარაკეთათვის, ვინც გეგმავს შეისწავლოს ქართული ენა. ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელოდ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე.   

სახელმძღვანელო შედგება 65 გაკვეთილისგან და მოიცავს ქართული ენის გრამატიკის საბაზო წესებს, სავარჯიშოებს, ლექსიკას, თემატურ ტექსტებს, ხალხური და ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშებს პარალელური პწკარედი თარგმანით რუსულ ენაზე. ამდენად, მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ სწავლობს ქართულ ენას, საშუალება ეძლევა გაეცნოს საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიასა და კულტურას.