პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება


04.09.2019

მიმდინარე სასწავლო წლის მე-2 სემესტრში, ლიეტუვაში, ქ. კაუნასში, ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები გაიხსნება.

ა.წ. 4 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის რექტორთან იუოზას აუგუტთან. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები გაიხსნება. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე ინეტა დაბაშინსკიენე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ილონა კაზლაუსკაიტე.

გარდა ამისა, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან, რომელიც შედგა ამავე უნივერსიტეტში არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიაში. შეხვედრაზე ელჩი სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ლიეტუვა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. ელჩმა სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლისა და საკონსულო მომსახურებების შესახებ და მოუწოდა მათ ფართოდ ჩაერთონ ლიეტუვაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში.