პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლონდონის ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეები ნაძვის ხეების ნაკრძალს - "Magic of Foresters" ეწვივნენ


04.05.2021

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა და ლონდონში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეები ბრომლიში არსებულ ორგანული ნაძვის ხეების ნაკრძალს - "Magic of Foresters" ეწვივნენ, სადაც სპეციალურად თანამემამულე ახალგაზრდებისთვის მოეწყო ღონისძიება.

"Magic of Foresters" აწარმოებს სხვადასხვა ჯიშის ნაძვებს, რომელთა შორის დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ქართული ნაძვის თესლისგან წარმოებული ნაძვებია.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული საკვირაო სკოლების აღსაზრდელებმა დარგეს ქართული ჯიშის ნაძვის ხეები და გაეცნენ მათი წარმოების ისტორიას.

ბრომლიში დიასპორელი ახალგაზრდების ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და "Magic of Foresters"-ის ორგანიზებით შედგა.

"მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება გაიმართა ბრიტანეთში ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით და ჩვენს ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა თავად დაერგოთ ხეები, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, თუ რა დადებითი ეფექტი აქვს ჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოს და ასევე, ეცოდინებათ, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს ქართული ჯიშის ნაძვები დიდ ბრიტანეთში და მთელს ევროპაში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ.                           

ღონისძიებას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, ბრომლის მერი და პარლამენტის წევრი ბობ სტუარტი.