პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლონდონში წიგნის „ცოცხალი ანბანი“ პრეზენტაცია გაიმართა


14.06.2019

ა.წ. 14 ივნისს, ლონდონის აზიის სამეფო საზოგადოებაში, ქართული დიასპორის წარმომადგენლის, ცირა კემულარიასა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, წიგნის "ცოცხალი ანბანი" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის „ცოცხალი ანბანი“ ავტორები გახლავთ პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე და დიდი ბრიტანეთის ქართული დიასპორის აქტიური წარმომადგენელი ცირა კემულარია. წიგნი მე-18 საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერის, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის საფუძველზეა შექმნილი. თავად სულხან-საბა ორბელიანის აღნიშნული ხელნაწერი კი მე-18 საუკუნის ბოლოს ქართველი კალიგრაფის პეტრე ლარაძის მიერ არის გადაწერილი.

ხელნაწერის ორიგინალი მრავალი წელი დაცული იყო მუხრან ბატონის სასახლეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ის ინგლისელი არტ დილერის ხელში აღმოჩნდა. მისგან ხელნაწერი უილიამ ალენის კოლექციაში მოხვდა, ხოლო 1952 წელს ხელნაწერი სოტბის აუქციონზე ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკამ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი გასულ წელს ხელახლა იქნა აღმოჩენილი ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ. პროფესორმა, საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ცირა კემულარიასთან თანამშრომლობით, ხელნაწერში საზედაო ასოებად გამოყენებული ანთროპომორფული და ზოომორფული ფიგურები ცალკე წიგნად გამოსცა, რითაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ორიგინალი ხელნაწერის ისტორია.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, ლონდონის აზიის სამეფო საზოგადოების დირექტორმა, პროფესორმა ალისონ ოჰთამ, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი კალანდიამ და თავად პროექტის თანაავტორმა და თანაორგანიზატორმა ცირა კემულარიამ. აღსანიშნავია, რომ ცირა კემულარია აქტიურად ეწევა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა 2018 წელს სპეციალური ფონდი ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი არამხატვრული ლიტერატურის გამოცემის დასახმარებლად.

ღონისძიების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე ბრიტანულ-ქართულმა საზოგადოებამ, ორგანიზაციამ "FaRiG" და კომპანიებმა "Walnut and Spice" და "Taste of Georgia".