პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოლონეთში პოლკოვნიკ ვალერიან თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


26.05.2021

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ ჯიერჟონუვში, ქართველი და პოლონელი პოლკოვნიკის, პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს “ვირტუტი მილიტარის” კავალერის, ვალერიან თევზაძის საფლავთან გაიმართა საზეიმო ცერემონია.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნინო ბააკაშვილი, კონსული თეიმურაზ ფურცელაძე, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი და საქართველოს საპატიო კონსული პოლონეთში ვოიჩეხ ვრუბელი. პოლონური მხრიდან კი, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო სილეზიის ვიცე-ვოევოდა, მარშალის მოადგილე, სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარე, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ თავდადებას და ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც პოლკოვნიკმა ვალერიან თევზაძემ და ქართველმა ოფიცრებმა შეიტანეს საქართველოსა და პოლონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. პოლონეთის კლოძკოს სამთო ბრიგადის ქვეითთა 22-ე ბატალიონის საპატიო ყარაულმა პოლკოვნიკის ხსოვნას სამხედრო პატივი ცეცლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მიაგო. ამასთანავე, ღონისძიების მონაწილეებმა თაიგულებით შეამკეს პოლკოვნიკის საფლავი და ობელისკი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პოლკოვნიკ თევზაძის საფლავი პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და კლოძკოს სამთო ბრიგადის ქვეითთა 22-ე ბატალიონის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება.

ამავე დღეს, ქალაქ ჯიერჟონუვის ტაძარში, პოლკოვნიკ ვალერიან თევზაძის ხსოვნის პატივსაცემად აღევლინა წირვა.

პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე, იმ ქართველ ოფიცერთაგან ერთ-ერთია, რომელიც მარშალ პილსუდსკიმ მიიწვია პოლონეთის არმიაში. იგი მსახურობდა ლუბელსკის ულანთა მე-7 პოლკში. 1925 წელს დაამთავრა ელიტარული უმაღლესი სამხედრო სკოლა. 1939 წელს იგი მეთაურობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთის მიმართულებას (ჟოლიბოჟი-ბემას ფორმატი). გმირული ბრძოლისთვის, არმიის ჯგუფის „ვარშავა“ მეთაურმა, დივიზიის გენერალმა იულიუშ კ. რუმელმა დააჯილდოვა „ვირტუტი მილიტარის“ ვერცხლის ჯვრის ორდენით. პოლკოვნიკი თევზაძე ასევე ჩართული იყო კონსპირაციულ საქმიანობაში და იბრძოდა პოლონური არმია “კრაიოვას” რიგებში. იგი 1985 წლამდე კონსპირაციულად ცხოვრობდა გამოგონილი სახელით და გვარით - ვალერი კშიჟანოვსკი. ანდერძში გამოხატული ნების თანახმად, მისი საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა გაკეთებული: „როგორც ქართველს, მსურდა, რომ განსასვენებელი საქართველოში მეპოვა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დავიკრძალები კეთილშობილი და ღირსეული პოლონელი ერის მიწაზე“.