პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომში გიორგი ლობჟანიძის ლექსების კრებულის იტალიურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა


25.10.2022

19 ოქტომბერს, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში, „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ საკონფერენციო დარბაზში,  საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის ფარგლებში, ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმენილისა და აღმოსავლეთმცოდნის, პროფესორ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის, ‘’სიზმრის ნანგრევებში’’, იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.  

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა, წიგნის იტალიელმა გამომცემელმა ჯულიანო ლადოლფიმ, მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ და თავად ავტორმა, გიორგი ლობჟანიძემ.   იტალიურ ენაზე  პოეტის ლექსები წაიკითხა იტალიელმა მსახიობმა ჯულიო გრეკომ.  

დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა იტალიურად და ქართულად წაკითხულმა, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილმა ლექსებმა. 

საქართველოს საელჩო ვატიკანში მადლობას უხდის ბატონ გიორგი ლობჟანიძეს ყველასათვის დასამახსოვრებელი საღამოსთვის და საქართველოს, ქართული პოეზიისა და კულტურის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის. ასევე, მადლობა ქალბატონ ნუნუ გელაძეს, ქართული ლიტერატურის იტალიაში პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.