პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა


29.11.2021

27 ნოემბერს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, იტალიაში, ქ. რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია.

ზემოაღნიშნული გზამკვლევი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის შეადგინა. გზამკვლევები, ასევე შექმნილია ესპანეთში და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის.  

ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას, 2018-2019 წლის და 2020-2021 წლის პროგრამის -  „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებმა, ნენო გაბელიამ და მარიამ ბოჭორიშვილმა გააცნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და ICMPD-ის წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. ორმაგი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ოდიშარიამ ისაუბრა.

ამასთან, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების -  „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ შესახებ.