პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რუმინეთში პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


26.05.2021

26 მაისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს, ქალაქ ბრაშოვის მერიისა და "ომში დაღუპულ გმირთა სასაფლაოზე ზრუნვის გერმანული გაერთიანების" ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ ბრაშოვში გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილის, სოლომონ ზალდასტანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საფლავის ქვის აღმართვის ცერემონია სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და ბრაშოვის ვიცე-მერმა ფლავია ბოგიუმ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ასევე, რუმინეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც სამხედრო პატივი მიაგეს პოლკოვნიკ ზალდასტანიშვილის ხსოვნას.

ცერემონიის დასასრულს, პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილის საფლავის ქვა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ელჩმა რუმინეთში და ქალაქ ბრაშოვის ვიცე-მერმა.

ამასთან, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა გადაიხადეს პოლკოვნიკ ზალდასტანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.