პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა მინისტრის საახალწლო მილოცვა თანამემამულეებს


31.12.2022

ძვირფასო თანამემამულეებო,

მაქვს პატივი მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, შობის დღესასწაული და მომავლის რწმენითა და ახალი შესაძლებლობების იმედით, მშვიდობა და წარმატებები გისურვოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მსოფლიოს მრავალ კუთხეში მიმობნეულ დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ თავდადებისა და დაუღალავი ძალისხმევისათვის, რომელსაც თქვენ, ქვეყნის საზღვრებს მიღმა დამკვიდრების რთული პროცესის პარალელურად იჩენთ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირებისა და ეროვნული ღირებულებების შესანარჩუნებლად, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. 

გულწრფელად მახარებს საერთო ეროვნული ინტერესების სამსახურში სახელმწიფოსა და დიასპორის გაერთიანება, რაც სულ უფრო თვალნათელი, ურთიერთსასარგებლო და წარმატებული ხდება. საქართველოს ხელისუფლება ერთგულად მისდევს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკას. 

დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ქართული დიასპორა განსაკუთრებულ ხელშეწყობას საჭიროებს, რა მიზნითაც საქართველოს საგარეო უწყება აქტიურად ახდენს დიასპორული ორგანიზაციებისა და კულტურული კერების მხარდაჭერას, აგრძელებს დიასპორისათვის გამიზნული პროექტების განხორციელებას. 

მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას და ინტენსიურ თანამშრომლობას ქართულ დიასპორასთან. 

მსოფლიოსთვის და თავისუფალი სამყაროსთვის 2022 წელი განსაკუთრებული გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა. მწამს, რომ 2023 წელი მშვიდობის მომტანი, სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით დატვირთული წელი
იქნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, წინსვლის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის!