პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დიასპორულ კონკურსს „ქართული კალიგრაფია“


07.04.2021

დედაენის დღესთან - 14 აპრილთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დიასპორულ კონკურსს „ქართული კალიგრაფია“.

კონკურსის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. კონკურსი ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავებასა და თანამემამულე მოზარდ თაობაში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.

მონაწილეობის მსურველებმა, 2021 წლის 11 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესსე - „ჩემი ენა ქართული“, რომელიც გამოხატავს ქართული ენის მნიშვნელობას და კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ.

მონაწილეებმა შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი უნდა წარმოადგინონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, ხოლო საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები. 

მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი და საუკეთესო ესსე. ორივე კატეგორიაში კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული.

კალიგრაფიის კონკურსის გარდა, სასურველია, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადდეს და ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე გამოიგზავნოს 15-20 წამიანი ვიდეო რგოლი, რომელშიც მოზარდები მოკლედ, საკუთარი ინტერპრეტაციით, მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ხაზგასმით, საქართველოს მიულოცავენ დედა ენის დღეს.

ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2021 წლის 14 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ღონისძიების დასკვნით ნაწილზე, რომელიც მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს მოეწყობა, ასევე, ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სადაც მოზარდები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის მემორიალურ ნივთებს, ყოფით და ეთნოგრაფიულ მასალას, მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველ გამოცემებს.