პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩი ლოზანის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა


13.02.2023

2023 წლის 30 იანვარს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე ლოზანის უნივერსიტეტის რექტორს ფრედერიკ ჰერმანს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა გახლდათ ლოზანის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და დუალური პროექტების განვითარება, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კვლევით და სასწავლო პროცესში ლოზანის უნივერსიტეტის ჩართვას და სხვ.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს შვეიცარიასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს ელჩმა რექტორს მიაწოდა ინფორმაცია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ევროინტეგრაციის პროცესისა და პერსპექტივების, შვეიცარიასთან ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ლოზანის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში. სასწავლებელში ფუნქციონირებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ისეთ სფეროებში, როგორიცაა თეოლოგია და რელიგია, სამართალი და საჯარო მმართველობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა, გარემო და გეოლოგია, ხელოვნება, ბიოლოგია და მედიცინა.