პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ესპანეთის მეფესა და დედოფალთან ერთად, მადრიდში, ტურისტული გამოფენა FITUR 2021 გახსნა და ქართული ცეკვის აკადემია „Georgia“-ს წარმოდგენას დაესწრო


19.05.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი, ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია ესპანეთში ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია "Georgia"-ს მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრნენ.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR 2021-ის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს FITUR-ის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა და საგამოფენო ცენტრის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ესპანეთის მეფესთან ერთად დაესწრო.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია