პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩომ ბელგიის სამეფოში დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა


28.06.2022

2022 წლის 27 ივნისს, საქართველოს საელჩომ ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და საქართველოს დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას უმასპინძლა, რომლის პარალელურადაც, მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში ემიგრირებული ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის - გიორგი აფხაზის ნამუშევრების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საელჩოსა და დიასპორას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის ხელშეწყობისა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით.

დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე მიმდინარე უკანონო ოკუპაციის პირობებში და ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესებში დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას. მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი გაბედავამ სტუმრებს გააცნო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება და ისაუბრა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებსა და დეზინფორმაციაზე. მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ აუდიტორიას გააცნეს აფხაზეთის მთავრობის  სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები სამშვიდობო პროცესებში დიასპორული ორგანიზაციების უფრო აქტიურად ჩართვის მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატისა და იტალიაში მოღვაწე ხელოვანის - გიორგი აფხაზის ცხოვრების ამსახველი ანიმაციის ჩვენება და შემოქმედების ფოტოგამოფენა.