პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა


19.12.2022

2022 წლის 5-7 დეკემბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, შვეიცარიას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული. შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე და საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე.

5 დეკემბერს ციურიხში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას და ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სათავგადასავლო და ზამთრის ტურიზმის, დანიშნულების ადგილის მართვის ინდუსტრიის და მომსახურების სფეროების წარმომადგენელთათვის სასწავლო ტურების განხორციელების პერსპექტივები, რაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალთათვის საუკეთესო ევროპული ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.

6-7 დეკემბერს გაიმართა თემატური შეხვედრები შვეიცარიის კონფედერაციის სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვისა და განათლების ტურიზმის წარმომადგენლებთან.

ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციისთვის, ვიზიტის ფარგლებში, შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კონკრეტული მიმართულებებით, კერძოდ: ტურისტულ გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა; სტუმარ-მასპინძლობის სფეროში პროფესიული სწავლების სემინარები; სადღესასწაულო და სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორებისა და გიდების გადამზადება; მედია-ტურები ორივე ქვეყანაში და სხვ.

შვეიცარიის ტურიზმის სფეროში არსებული ტენდენციებისა და ოპერირების მექანიზმების ადგილზე გაცნობისთვის საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვია სამთო კურორტ ცერმატსა და ლუცერნს.

შვეიცარიის ტურიზმის დელეგაცია საპასუხო ვიზიტს საქართველოში მომავალ წელს განახორციელებს.