პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა პოლონეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან


23.04.2021

2021 წლის 23 აპრილს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნინო ბააკაშვილმა, ვირტუალურ ფორმატში, გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა პოლონეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოლონეთის ქართული დიასპორისთვის აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ქართული დიასპორის როლი პოლონეთში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საკითხში.

შეხვედრის ფარგლებში, ნინო ბააკაშვილმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ დიასპორული პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორის მხარდასაჭერად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგარეო უწყების მიერ, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“, რომელთა მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა შეხვედრის მონაწილე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აღნიშნულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

[სრული ინფორმაცია მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“; „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.]