პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შვედეთში პროექტი “დიდგორელი” განხორციელდა


22.06.2022

2022 წლის 21 ივნისს, შვედეთის სამეფოში, ქ. სტოკჰოლმში საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ განხორციელდა.  დიდგორელიისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტი 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მეუფე ანანიას ჩართულობითა და მხარდაჭერით დაიწყო და მასში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლები.

ამჟამად პროექტი საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების ჩართულობასაც ისახავს მიზნად. პროექტის ავტორი, ლევან ჟვანია თავად ესტუმრა შვედეთს, პატარა ქართველ ემიგრანტებს მოუთხრო დიდგორის ომის ისტორია და გააცნო პროექტის მიზანი. პროექტის ხელმძღვანელმა სამახსოვრო სიგელები და სუვენირები გადასცა პატარა „დიდგორელებს“.

პროექტში მონაწილეობდნენ შვედეთში მოქმედ ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია „დეიზისთან“ არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სტუმრებს სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები წაუკითხეს, ხოლო საბავშვო ანსამბლის “შოშიას” წევრებმა  ქართული ეროვნული ცეკვები შეასრულეს.  ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ხუცურაული, შვედეთის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მამა შიო (ბიწკინაშვილი), ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია „დეიზის“ ხელმძღვანელი, ქეთევან ბაღათურია.