პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები და ახალი საგუნდო მუსიკა შესრულდა


27.06.2022

საქართველოს პრეზიდენტი, 26 ივლისს ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც  პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.

,,დღეს  საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული დღეა! 

დღეს, ,,სიქსტის კაპელაში" ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩება. 

შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ დღევანდელი ლამაზი საღამოს დაგეგმვის შესახებ, რომელიც მიეძღვნებოდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. 

დღეს კი, უკვე ამ ემოციური მომენტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჩვენ მოგონებებში სამუდამოდ დარჩება. ჩემი უდიდესი მადლიერება პაპ ფრანცისკეს და სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს, რომელიც დღევანდელი დღის შემოქმედია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონცერტის შემდეგ.

საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცათ კიდევ ერთხელ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას - ძველ ქართულ პოლიფონიასა და ახალ ქართულ საგუნდო მუსიკას, როგორც ქართველთა ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს, რომელშიც განივთებულია ქართველი ერის მსოფლმხედველობა, ეთიკური მრწამსი, ეთნოფსიქოლოგია და დრამატული ისტორია. 

ასევე, ,,სიქსტის კაპელაში“ შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II- ის Ave Maria, იანო თამარ ალიბეგაშვილის მიერ ,,სიქსტის კაპელას“ პაპის გუნდისა და თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდის თანხლებით.

ჩანაწერს შეგიძლიათ გაეცნოთ: