პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი


26.05.2021

მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 26 მაისი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო პოლონეთის პრეზიდენტო, ბატონო უკრაინის თავდაცვის მინისტრო, პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა. 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ეკლესიას და აღნიშნა, რომ ეკლესიის ღვაწლი ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია.

„ვულოცავ ჩვენს ეკლესიას, რომლის ღვაწლი ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია. ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისათვის. სწორედ მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმ წვევამდელებისათვის, რომლებმაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს.

„დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ.

ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო მისი ტოლერანტული კულტურა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება. დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.

დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც შრომითა და ნიჭიერებით აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას და ქმნიან წარმატების საამაყო მაგალითებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ექიმები, გმირი პოლიციელები, გმირი სამხედროები, მასწავლებლები, ყველა ვინც ერთგულად და პროფესიულად ემსახურება და აძლიერებს ქვეყანას, საფუძველს უყრის მის უკეთეს ხვალინდელ დღეს.

„ჩვენი ექიმები, ჩვენი გმირი პოლიციელები, ჩვენი გმირი სამხედროები, მასწავლებლები, ყველა ვინც ერთგულად და პროფესიულად ემსახურება და აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, საფუძველს უყრის მის უკეთეს ხვალინდელ დღეს. განსაკუთრებულია მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე. საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მინდა მივესალმო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს პოლონეთის პრეზიდენტს ბატონ ანჯეი დუდას, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ანდრი ტარანს, რომლებიც ჩვენთან ერთად აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი ქართველი გენერლის, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა.

„100 წლის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მიისწრაფოდა დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, წითელმა ოკუპაციამ შეაფერხა. მიუხედავად ამისა, ოკუპაციამ უფრო მეტად გააძლიერა ქართველი ერის სურვილი, შეექმნა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო და გამხდარიყო დასავლური სამყაროს ნაწილი. დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს თავისუფლებისათვის და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სიმბოლოს, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით, საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 2024 წელს კი საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.

„ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან- ამერიკასთან. 2024 წელს კი საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი წინაპრების ევროპული ოცნების განსახორციელებლად. ჩვენ ვქმნით უკეთეს პირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის. ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გლობალური კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად და ეკონომიკური აღორძინებისათვის ახალი მუხტის მისაცემად. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გავაგრძელებთ ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მოიტანს კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქოს წარმომადგენლები, პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია