პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება


15.05.2019

2019 წლის 27-28 მაისს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხება მაღალპროფილური დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებასა და დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების ირგვლივ მსჯელობას. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ გაიმართება ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვა მიმართულებით, რა დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს ამა თუ იმ სფეროში პროფესიული გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში.

ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კერძოდ, დიასპორის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალის. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე სტუმარი, მათ შორის დიასპორის 120 წარმომადგენელი 25 ქვეყნიდან.

ფორუმი 27-28 მაისს, ქ. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართება.