პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა


05.07.2019

მიმდინარე წლის 5 ივლისს, ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში, „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით, პროექტის „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელმაც „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის სპეციალური ჯილდო აშშ-ში არსებულ ასოციაცია „თვისტომის“ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეიძეს გადასცა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქართულ დიასპორას ქვეყნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვის ვალდებულების გარდა, აცნობიერებს მის ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. დავით ზალკალიანმა თითოეულ ემიგრანტს საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო იმიჯის წარმოჩენისა და საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ ბრძანდებით იმ ღირებულებების, ცოდნისა და გამოცდილების მატარებლები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე მდგარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა სახის გამოწვევებს, მით უფრო, დღეს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, სადაც თქვენი წვლილი ფასდაუდებელია“, - განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია უკვე ტრადიციულ სახე ატარებს და იგი წელს მეოთხედ ჩატარდა.