პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ციურიხში მოქმედ საკვირაო სკოლას ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცა


09.04.2021

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე ციურიხის ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია და სკოლის აღსაზრდელებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

სახელმძღვანელოები სპეციალურად საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსებისთვისაა გაკუთვნილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლობით შეიქმნა. სპეციალურად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოები ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამის საფუძველზეა აგებული და ქართული ენის კურსის ფარგლებში, იგი გულისხმობს, ასევე, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების შესწავლას.

საქართველოს ელჩმა საკვირაო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა შვეიცარიის მასშტაბით მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და საკვირაო სკოლების პედაგოგთა განსაკუთრებულ როლზე შვეიცარიაში მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებში მშობლიური ენის შენარჩუნების საქმეში. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს. საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, სამომავლოდ, შვეიცარიის კონფედერაციის მასშტაბით არსებული საკვირაო სკოლების ფორმალიზების საკითხზე.