პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცა


17.02.2023

2023 წლის 16 თებერვალს, ქ. ანკარაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, შემჭიდროებულ ვადებში, უზრუნველყოფილ იქნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მობილიზებული 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთის თურქული მხარისთვის გადაცემა.

აღნიშნული ტვირთის გადაცემის პროცესში, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქ. ანკარის გუბერნატორის მოადგილემ ედიზ სურუჯუმ, ასევე, ანკარის სოციალური დახმარებისა და სოლიდარობის ფონდის დირექტორმა, ბარიშ იავუზმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, გიორგი ენუქიძემ და საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა, ალექსანდრე კუტიბაშვილმა.

ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს, ანკარიდან სტიქიის ზონაში გაიგზავნება.

თავის მხრივ, თურქულმა მხარემ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს, ამ მძიმე პერიოდში გამოჩენილი თანადგომისა და გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. ამასთან, იქვე, აღინიშნა, ქართველი მაშველების განსაკუთრებული წვლილი, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, რის შედეგადაც, მოხერხდა არაერთი ადამიანის გადარჩენა.

 

 

 

 

 

დამატებით შეგიძლიათ იხილოთ: