პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ვიზიტი ქალაქ ინეგოლში


07.12.2021

2021 წლის 4 დეკემბერს, თურქეთის ქ. ინეგოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა დაესწრო ,,ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მმართველთა საბჭოს ყრილობას, რომელზეც მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:

კერძოდ, მარმარილოს რეგიონის 9 ქართული დიასპორული ორგანიზაციის თანამონაწილეობით, იქმნება თურქეთის მარმარილოს რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების ფედერაცია. აღნიშნული მოვლენა ემსახურება თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი კოორდინირებული მოქმედების კიდევ უფრო გააქტიურებას.

ამასთან, ყრილობაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ომერ ფარუქ დემირთაშმა დატოვა ,,ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტი და დასახელდა ფედერაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად, ხოლო ასოციაციის ახალ თავმჯდომარედ, არჩეულ იქნა მენნან ფორთაქალი.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა საზოგადოების სახელწოდებაში, დაემატა სიტყვა ,,ქართული" და ამჟამად, ასოციაციის ოფიციალური დასახელებაა: ,,ინეგოლის კავკასიური და ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაცია (İnegöl Kafkas Gürcü Folklor ve Kültür Derneği)“.

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სიტყით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, ასოციაციის წინა და ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ, ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

ქ. ინეგოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ასევე, შეხვედრები გამართა ბურსისა და ინეგოლის მერებთან, ალინურ აქთაშთან და ალფერ თაბანთან.

შეხვედრებზე, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

საქართველოს ელჩმა, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ბურსის რეგიონში არსებული ქართული ასოციაციების მხარდაჭერისა და მათი აქტიური საქმიანობის ხელშეწყობისათვის.