პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჟენევაში ვიქტორ დოლიძე ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 


01.06.2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1 ივნისს, ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ჟენევაში არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრად ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა, რომელიც სპეციალურად უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვისაა შედგენილი.

სახელმძღვანელოები, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების თანამშრომლობით შეიქმნა, აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და ეხმარება მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.  

საკვირაო სკოლის აღსაზრდელებთან შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საქმიანობაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დიასპორის მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ უცხოეთში ქართული ენის სწავლება და საკვირაო სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა წარმოადგენს.