პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საქართველოში

სახელმწიფო პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წლიდან ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. შეთავაზებები განკუთვნილია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის, როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესის შემთხვევაში.

პროექტი ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას, რომლის ფარგლებში დღეისთვის უმოქმედო შენობებში გაიხსნება ახალი საწარმოები, სასტუმროები და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობის მქონე დაწესებულებები.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე, წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად, შეიქმნება 2 500 ახალი სამუშაო ადგილი, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.nasp.gov.ge არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში. ცხელი ხაზი: +995 32 2 98 11 11.

 

 

საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო ბიზნესს

 

2020 წლის თებერვლიდან სახელმწიფო პროგრამას - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაემატასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. 

აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო. კომპონენტი ითვალისწინებს საქართველოში წიაღისეულის ათვისების ლიცენზიის 100 პარალელური ელექტრონული აუქციონის ჩატარებას, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საბადო მოიცავს ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, მათ შორის, ეს არის სხვადასხვა სახის ლითონი, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები და ა.შ.

პროექტის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო ბიზნესს მიზანია საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა. მათ შორის,  პროექტის მოსალოდნელი შედეგია, სულ მცირე, 1 800 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოში.

ბიზნესისთვის შეთავაზებული წიაღისეულის 100 ლიცენზია არის, სულ მცირე, 82 მლნ. ლარის საწყისი ღირებულების პაკეტი, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი, სულ მცირე, 120 მილიონი ლარია. პროექტის პრიორიტეტია, დაინტერესებულმა ინვესტორებმა არამხოლოდ მოიპოვონ, არამედ ადგილზე - საქართველოში გადაამუშავონ წიაღისეული.

აღსანიშნავია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

                                                                                                     

სასარგებლო ბმულები