პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022

30 დეკემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის:

- ნინო მაჩაიძე, იტალიაში მოღვაწე ოპერის მომღერალს;

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის:

- ზურაბ გუგუჩია, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი;

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის:

- თემურ ბაბლუანი, საფრანგეთის რესპუბლიკაში მოღვაწე კინორეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი;

ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის:

სულხან იდოიძე, ესპანეთის სამეფოში მოღვაწე ბიზნესმენი;

სალომე გორგილაძე, პორტუგალიაში ბიზნესის სფეროში დასაქმებული.

წლის წარმატებული სპორტსმენი:

გიორგი მამარდაშვილი, სპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიას“ ქართველი მეკარე.

სპეციალური პრიზი:

- კონსტანტინე ციციშვილს, პოლონეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, რეჟისორს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნომინაცია „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, რომელშიც ირლანდიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა - კინგლსი თომას აიკინსიმ და ტაკეჰიდე ჰარადამ გაიმარჯვეს. უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მათთვის საქართველოსა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერეტა, მგალობელთა გუნდი „ჯორჯიან ფოლკსი“, ქართული ხალხური სიმღერის  ანსამბლები - „საქართველო“ (ნიდერლანდების სამეფო),  „თამარიონნი“ (პარიზი), „კავკასია“ (ათენი), ბავშვთა ანსამბლი „ვაზი“ (ბარსელონა), „ჩვენ დავბრუნდებით“ (ანტვერპენი) და ფოლკლორული საბავშვო ანსამბლი „პატრიარქის ნათლულები“.

გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის - ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.

სასარგებლო ბმულები