პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის მაზრაში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1940-1990 წლებში ერქვა მაიაკოვსკის რაიონი.

მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) აუზში, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელ ქუთაისი-ბაღდათი-ბენარის საავტომობილო გზაზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, ზღვის დონიდან 30-1609 მ-ზეა, ფართობი - 815 კმ2-ია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 82.22 კმ2. ბაღდათის ტერიტორიის 67,5% ტყით არის დაფარული. ჰავა ნოტიო და სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. მუნიციპალიტეტი ადვილად მისადგომია როგორც სარკინიგზო, ასევე, საავტომობილო ტრანსპორტით.

ბაღდათის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, დასავლეთით - ვანის მუნიციპალიტეტი.

მოსახლეობის რიცხოვნობაა 19830 კაცი (2018); სიმჭიდროვე - 26 კაცი კმ2-ზე. მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს 12 ტაძარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ექვემდებარება.

მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგებია ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარებულია მევენახეობა, ძირითადი გავრცელებული ჯიშებია ცოლიკოური, ძელშავი, ციცქა. გავრცელებულია აგრეთვე მეხილეობა, ხეხილიდან გავრცელებულია კურკოვანი ჯიშები. მებოსტნეობა, ბოლო დროს გაშენდა დიდ ფართობებზე კენკროვანი კულტურები და თხილი. განვითარებულია მეცხოველეობა, მეფრინველეობა და მეფუტკრეობა.

მრეწველობის სფერო წარმოდგენილია ღვინის ქარხნების, საშენი მასალების, ხე-ტყის გადამამუშავებელი, ავეჯის დამამზადებელი, უალკოჰოლო სასმელების ჩამომსხმელი საწარმოებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება და იწარმოება მინერალური და სასმელი წყალი „საირმე“ და „ზეკარი“. წყალი „საირმის“ 80% ექსპორტზე გადის.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი ბალნეოლოგიური საკურორტო ზონა: საირმე და ზეკარი. სარმეში საკურორტო ინფრასტრუქტურა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, ასევე გასართობ-დასასვენებელი მიმართულებით.

მუნიციპალიტეტში გადის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები ქუთაისის, ზესტაფონის, ვანისა და აბასთუმნის მიმართულებით. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 90% კაპიტალურად შეკეთებულია, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 37 %-იც კაპიტალურადაა შეკეთებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019-2022 წლებში დასრულდება ქუთაისი-აბასთუმნის საავტომობილო მაგისტრალის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, რაც ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს. მუნიციპალიტეტის გზებზე გადაადგილება ფაქტობრივად შეფერხების გარეშე მიმდინარეობს წლის ყველა სეზონზე.

მუნიციპალიტეტში სულ 26 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 25 სოფელი, აქედან ერთი - მაღალმთიან დასახლებათა სტატუსით.

 

 

 

სასარგებლო ბმულები