პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როგორ ვისწავლოთ ქართული ენა?

ქართული საკვირაო სკოლები უცხოეთში

ქართული ენის სწავლა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებში ან ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე. ამჟამად, უცხოეთში ფუნქციონირებს 92 ქართული საკვირაო სკოლა და 12 ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც სწავლობს 3 000-ზე მეტი 6-14 წლის ბავშვი.

საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების სასწავლო მეთოდი ეფუძნება ქართული ენის ინტეგრირებულ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით. ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

აღნიშნულ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით, მომზადდა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი, რომლითაც ამჟამად ისწავლება ქართული ენა საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე.

სპეციალურად საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი მოიცავს მოსწავლის წიგნს, სამუშაო რვეულს, კალიგრაფიის რვეულსა და მასწავლებლის გზამკვლევს. სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ეხმარება.

იხილეთ სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი.

საკვირაო სკოლებისა და ენის შემსწავლელი კურსების შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით.

 

 

 

ქართული ენის დისტანციური სწავლება 

ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების თანამშრომლობით ხორციელდება და იგი განკუთვნილია 5-15 წლის ემიგრანტი ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია, საზღვარგარეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართული ოჯახის ან შერეული ოჯახის შვილებისთვის, ენის სწავლება და ქართულ კულტურასთან ზიარება დისტანციური სწავლების უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ონლაინ-გაკვეთილები ეფუძნება სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულია მრავალფეროვანი და საინტერესო ონლაინ-ინსტრუმენტები.

ისწავლე ქართული ენა დისტანციურად

 

 

 

 


ქართული როგორც უცხო ენა

"ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების" პროგრამის მიზანია შემსწავლელებისა და მასწავლებლებისათვის ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლა-სწავლების სრული პაკეტის შეთავაზება. პროგრამა მოიცავს სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს პედაგოგებისთვის, ხოლო ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს კი, ზოგადევროპული ენობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით და ენის ფლობის დონეების მიხედვით, სთავაზობს ქართული ენის სახელმძღვანელოებს, ინტერაქციული სავარჯიშოების კრებულს, საკითხავ ლიტერატურასა და აუდიომასალას.

პროგრამის კომუნიკაციური მიდგომა ისეა ორიენტირებული შემსწავლელებზე, რომ მათ შეძლონ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევა და ურთიერთობის დამყარება. კომუნიკაციური სწავლებისას ყურადღება გადატანილია არსის გაგებასა და სათქმელის სწორად გადმოცემაზე. ენის სტრუქტურისა და ლექსიკის შესწავლა ხელს უწყობს ყოველდღიური და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. 

         ისწავლე ქართული როგორც უცხო ენა

სასარგებლო ბმულები