პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარეების გუბისწყალსა და ცხენისწყალს შორის. ხონის მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - სამტრედიის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილოეთით - ცაგერის მუნიციპალიტეტი.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 428.5 კმ2-ია, მისი 58% მთაგორიანია. მთიან ზონას შუაზე ყოფს მდინარე ცხენისწყალი. ყველაზე დაბალი ადგილია სოფელი ქუტირი (ზღვის დონიდან 62 მეტრი), ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი (2436.7 მეტრი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან ყველაზე წყალუხვია ცხენისწყალი და გუბისწყალი. პატარა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ოკაცე, ნაბეჩო, ღალდა, მეჭია, ღარჩელა, სუხჩელა, კუხა, რაჩხა და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია თევზის ჯიშები: წვერა, ქაშაყი, საველა, ტობი, კალმახი, ღორჯო, ნაფოტა და სხვა. მთისწინა და მთის სოფლებში მრავლადაა წყაროები, მათ შორის ძველი წყაროები: მთავრის წყარო (1832 წ.) და დედოფლის წყარო (XIX საუკუნე) ზედა გორდში, პატარა ჯიხაიშის ღოღობერიძეების წყარო (XVI საუკუნე), წყარო ბინური სოფელ ხიდში, სოფელ მათხოჯის წყარო და სხვა.

მთის ზონა ტყეებითა და ბუჩქნარებითაა დაფარული. ტყეებს 20000 ჰექტარი უკავია, იზრდება მუხა, ცაცხვი, წაბლი, წიფელი, ბალამწარა, ვაშლი, ლეკა, თხმელა, კაკალი, ნაძვი, ფიჭვი, აკაცია, ტირიფი, ბზა, უხვადაა კენკროვანი და სამკურნალო მცენარეები. ბინადრობს კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა, მელა, დათვი. მთის ზონაშია ასხის მასივი.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისტორიული კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია. დაბა ხონის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო–საქარავნო გზებთან. დღემდე შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე. აქ ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს რომაელ სარდალს პომპეუსს გაუვლია და აუგია ასაწევი ხიდი.

მიკვლეულია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები ქვედა კინჩხაში. აქვეა ნაპოვნი ანტიკური ხანის ოქროს ფული. გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები – "გორიკები" - არის აღმოჩენილი ხონში, პატარა ჯიხაიშში, ქუტირში, ღვედში. მოსახლეობა დღემდე პოულობს ბრინჯაოს საბრძოლო, სამეურნეო, საკულტო-სარიტუალო დანიშნულების სხვადასხვა ნივთებს და სპილენძის ზოდებს.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში აიგო პირველმოწამეთა სახელობის ეკლესიები: ხონში, გელავერში, ქვედა კინჩხაში, ხიდში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია ოკაცეს კანიონი სოფელ ზედა გორდის მიდამოებში. კანიონის სიგრძე ორი კილომეტრია. სიგანე ზოგან 3-დან 20 მეტრამდე მერყეობს, სიღრმე კი - 20-დან 100 მეტრამდე. კანიონზე რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი და ტბაა. ერთ-ერთი ტბის "ოსხაპოს" სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რადმენიმე მღვიმეა: ქვაბიკარის მღვიმე სოფელ ღვედში, ჭირკარის მღვიმე სოფელ მათხოჯში, გორდის მღვიმე სოფელ ზედა გორდიში, "წმინდალიანის გამოქვაბული", "კლდეიდას მღვიმე" და "ღვალბაჯანის გამოქვაბული" სოფელ ქვედა კინჩხაში, ასევე გამოქვაბულები თურჩუს მთაზე.კარსტული მღვიმეები არის ასევე ასხის მასივზე, მდინარე ტობის აუზში.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ხონის მუნიციპალიტეტში 23 570 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, ასევე ცხოვრობენ რუსები და აფხაზები. მუნიციპალიტეტში 1400-მდე იძულებით გადაადგილებული პირია.

ხონის მუნიციპალიტეტი 12 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად იყოფა:

  • 1 ქალაქი - ხონი
  • 9 ადმინისტრაციული ცენტრი - გუბი, დედალაური, დიდი კუხი, ზედა გორდი, ზედა კინჩხი, მათხოჯი, ნახახულევი, ქუტირი, ძეძილეთი
  • 2 სოფელი - გოჩაჯიხაიში, ივანდიდი

 

 

 

სასარგებლო ბმულები