პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 36 429 ჰა-ს შეადგენს, მათ შორის 20 300 ჰა (56%) სასოფლო სამეურნეო სავარგულებია, ხოლო 6 554 ჰა ტყეებითაა დაფარული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი აქ მოკლე, თბილი და წვიმიანი იცის, ზაფხული კი - ხანგრძლივი, ტენიანი და საკმაოდ ცხელი. სამტრედიის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება წყალტუბოსა და ვანის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - ხონის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით - აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი და საქართველოს რკინიგზა.

დაბა სამტრედია 1870 წელს რკინიგზის გაყვანის შედეგად წარმოიქმნა. ბათუმისა და ფოთის რკინიგზის ხაზების მშენებლობის შემდეგ იგი საკვანძო პუნქტად და ამიერკავკასიაში პირველი რიგის რკინიგზის სადგურად იქცა. სამტრედია დღესაც წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის უმნიშვნელოვანეს საკვანძო პუნქტს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ტელეფისი - XI-XII საუკუნეების ციხის ნანგრევები სოფელ ტოლებში; გამოჩინებული - წმიდა გიორგის სახელობის 1519 წლის ტაძარი საჯავახოში; დაბლაგომის ნამოსახლარი - ანტიკური ხანის ნამოსახლარი დაბლაგომში; წმ. ნაზარი ლეჟავას სახელობის საკათედრო ტაძარი დაბა კულაშში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი (სოფელ დიდ ჯიხაიშში), ორი სამუსიკო სკოლა (დიდ ჯიხაიშსა და სამტრედიაში), მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და სამხატვრო გალერეა ქალაქ სამტრედიაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ დაწესებულებებს ხელმძღვანელობს ააიპ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედის 20 ბაგა-ბაღი, ამათაგნ 11 ქალაქში, ხოლო 9 - სოფლებში. ბაღებს ემსახურება 50 პედაგოგი. სულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ემსახურება 1005 აღსაზრდელს და უზრუნველყოფს მათ უფასო კვებას, აღზრდას და მომზადებას სკოლიასთვის.

მუნიციპალიტეტში 16 საჯარო სკოლაა, აქედან 7 ქალაქ სამტრედიაში, ხოლო 9 სხვადასხვა სოფლებში.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 48 563 ადამიანს შეადგენს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

  • 1 ქალაქი: სამტრედია;
  • 1 დაბა: კულაში;
  • 8 ადმინისტრაციული ცენტრი - გომი, ეწერი, მელაური, ნაბაკევი, ოფეთი, საჯავახო, ტოლები, ღანირი.
  • 5 სოფელი - იანეთი, დიდი ჯიხაიში, ბაში, გამოჩინებული, გორმაღალი.

 

სასარგებლო ბმულები