პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წყალტუბო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი და ტყიბულის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით - სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით - ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით - ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707.5 კმ2 უკავია. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა რიონი შენაკადებით წყალტუბოსწყალი და გუბისწყალი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა თავშავას ტბა, ასევე ხელოვნურად შექმნილი "ცივი ტბა" ქალაქ წყალტუბოში.

მუნიციპალიტეტი მდიდარია ტყის რესურსებითა და სასარგებლო წიაღისეულით: ბენტონიტური თიხა - გუმბრაში და ცხუნკურში, კირქვა, გრანიტი - ჟონეთში და ოფურჩხეთში, თიხა - გეგუთში, ფარცხანაყანევში და გვიშტიბში, ბარიტი - ჟონეთში და დერჩში, ოხრა - ხომულში, ქვა - პირველ წყალტუბოში, ტორფი - მიწაწითელში, ტეშენიტი - გუმათში. საქვეყნოდ ცნობილია კურორტ წყალტუბოს მინერალური თერმული წყლები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს. აქ არის დინოზავრების ნაკვალევი და სათაფლიის კარსტული მღვიმეები, რომლებიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვის ხანის მრავალი ნამოსახლარია აღმოჩენილი: ხომულის მღვიმე, ქვილიშორის მღვიმე, შავგორას მღვიმე, საქაჯიას მღვიმე, საწურბლიას ეხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნასოფლარი მელოური, მუხიანის, ფარცხანაყანევისა და ქვედა მაღლაკის ანტიკური სამაროვნები.

გათხრების შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ზედა პალეოლითში (ძველი ქვის ხანა) 30-40 ათასი წლის წინათ და ქვა-სპილენძის ხანაში, 7 ათასი წლის წინათ უცხოვრია. თეთრ მღვიმეში ნაპოვნი იქნა კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემორჩენილი საეკლესიო ისტორიული ძეგლებია: ცხუნკურის, მაღლაკის, ჭოლევის, ჭაშლეთის, დერჩის, ზედა მესხეთის, ქვედა მესხეთის, საყულიას, ფარცხანაყანევის, ზარათის, ოფშკვითის, მექვენას ეკლესიები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებიდან ყველაზე გამორჩეულია მე-12 საუკუნის ქართველ მეფეთა ციხე-დარბაზი სოფელ გეგუთში - გეგუთის სასახლე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი მოქმედი მუზეუმია: გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ წყალტუბოში, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი სოფელ დერჩში, შალვა ნუძუბიძის სახლ-მუზეუმი ფარცხანაყანევში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი სოფელ ოფშკვითში.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია ტურიზმი. სოფლის მეურნეობაში ძირითადად განვითარებულია მებოსტნეობა, მეხილეობა, მემარცვლეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 56 883 ადამიანი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 41 სოფელი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

  • 1 ქალაქი: წყალტუბო;
  • 12 თემი: გვიშტიბი, გუმბრა, დღნორისა, მაღლაკი, მექვენა, მუხიანი, ოფურჩხეთი, პატრიკეთი, რიონი, ქვიტირი, წყალტუბო, ცხუნკური.
  • 4 სოფელი: გეგუთი, ოფშკვითი, საყულია, ფარცხანაყანევი.

 

 

 

სასარგებლო ბმულები