პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია - 423 კმ2. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა - საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული, ზესტაფონი-ხარაგაული, ზესტაფონი-ჭიათურა და ზესტაფონი-ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი ხაშური-სამტრედია, ასევე რკინიგზის მონაკვეთი საჩხერის მიმართულებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 17,3 ჰა დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, 3600 ჰა - მრავალწლიანი ნარგავებით. გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფელ შროშაში) არის მარმარილოს კარიერი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, იგივე „სარაპანისი“ დაბა შორაპანში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება მარგვეთის ეპარქიას.

ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, მის განვითარებას ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ვაზის შესაბამისი ჯიშებიდან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) დგება ღვინო „სვირი“. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობასაც. სამრეწველო საწარმოებიდან უმნიშვნელოვანესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა.

მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლაა, პროფესიული სასწავლებელი „კოსტრუქტ2“, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრი და ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება გაზეთი „ზესტაფონის მოამბე“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 57 628 ადამიანია.

მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში შექმნილია მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული:

  • 1 ქალაქი: ზესტაფონი;
  • 1 დაბა: შორაპანი;
  • 13 ადმინისტრაციული ცენტრი - ბოსლევი, დილიკაური, ილემი, კვალითი, კლდეეთი, მეორე სვირი, როდინაული, სანახშირე, ქვედა საზანო, ქვედა საქარა, შროშა, ცხრაწყარო, ძირულა;
  • 4 სოფელი - ზედა საქარა, ზოვრეთი, პირველი სვირი, ფუთი.

 

სასარგებლო ბმულები