პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

1-ლი თებერვლიდან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდება


01.02.2021

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.

კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი რეჟიმით, 1-ლი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის კი, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის, ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში.