პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საბერძნეთის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა


11.08.2020

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით, 2020 წლის 7 აგვისტოს, ქ. ათენში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დამსწრე თანამემამულეებს სიტყვით მიმართა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ. ელჩმა ვრცლად ისაუბრა აგვისტოს ომის შედეგებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს დეოკუპაციის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და ომით გახლეჩილი საზოგადოების შერიგების მიმართულებით.

"ეს არ იყო ლოკალური ომი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. ეს არ იყო ომი ტერიტორიებისთვის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, არამედ ეს იყო ფასეულობების ომი, ომი პრნციპებისთვის. ამ ომით რუსეთმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ ის არ შეეგუება მის სამეზობლოში - იქ, სადაც ის თვლის, რომ მას აქვს ექსკლუზიური ინტერესების სფერო, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დემოკრატიულ განვითრებას, ამ ქვეყნების ევროპულ სახელმწიფოებად ჩმოყალიბებას, რომ ის არ შეეგუება ამ მეზობელი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოსახლეობა საკუთარი ნებით, თავისი ღირებულებების შესაბამისად, წყვეტდეს თუ როგორი სახელმწიფოს აშენება სურთ მათ, როგორ ქვეყანაში სურთ აღზარდონ საკუთარი შვილები, ვისთან იმეგობრონ და რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ ალიანსებში გაწევრიანდეს ქვეყანა და ა.შ. ამასთან, რუსეთმა ყველას დაანახა, რომ თავისი მიზნის მიღწევისთვის, ის არ მოერიდება არავითარ ხერხს, მათ შორის, ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. მიუხედავად რუსეთის ყოველდღიური პროვოკაციებისა, საქართველო არასოდეს გადაუხვევს ერთხელ არჩეულ გზას - დემოკრატიულ მშენებლობას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ჩვენი ხალხის, არა რომელიმე ერთი ხელისუფლების, რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანს თავისი მკვიდრი ადგილი დაიბრუნოს ევროპულ ცივილიზაციათა ოჯახში“, - განაცხადა ელჩმა დავით დონდუამ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ელჩმა თანამემამულეებისადმი მიმართვაში ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ წარმართულ სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობას.

"მიუხედავად რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამ მიზნით, ძალღონეს არ ვიშურებთ ჟენევაში, რათა მიიღწეს პროგრესი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა ღირსეული დაბრუნება თავიანთ სამოსახლო ადგილებში. დეოკუპაცია არის ერთი ელემენტი, რომელიც არის საჭირო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაგრამ პარალელურად ასევე აუცილებელია მუშაობა საზოგადოების, თემების გამთლიანებისთვის ამიტომ, ჩვენ ყელაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვნახოთ მეტ საშუალება, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, აღვადგინოთ ნდობა და სულ უფრო  მეტი ურთიერთობა გვქონდეს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან და დავეხმაროთ მათ გადალახონ მათ წინაშე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული პრობლემები. დამერწმუნეთ, რომ ყველა ოკუპაცია იწყება და მთავრდება, არც ერთი ოკუპაცია არ არის მუდმივი და ეს ოკუპაციაც აუცილებლად დასრულდება! ამისთვის საჭიროა გვწამდეს და ვიცოდეთ ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ და სწორად, მიზანმიმართულად ვიაროთ იმ გზაზე, რომელსაც ახლა ვადგავართ და რომელზედაც გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ჩვენი მოსახლეობის. ასეთი მიზანმიმართული მუშაობით კი ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას ჩვენს ოს და აფხაზ თანამემამულეებთან, აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას და ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში!", - განაცხადა ელჩმა.

თანამემამულეებთნ შეხვედრაზე საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა კონსტანტინა დოლიძემ კი ისაუბრა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობებზე, რათა მათაც თავიანთი წვლილი შეიტანონ საბერძნეთში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენაში, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსული ოკუპაციის თაობაზე სწორი ინფორმაციის გავრცელებაში.

მიმაჩნია, რომ ჩვენი - ქართველი ახალგაზრდების ვალია ბერძნებს და არა მხოლოდ მათ, მთელ სამყაროს გავაცნოთ ის, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - აღნიშნა კონსტანტინა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქართულ დიასპორასთან შეხვედრის პარალელურად, ქ. ათენში, საქართველოს საელჩოსა და ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით, ასევე მოეწყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.