პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ესტონეთში ფილმის „შინდისი“ ჩვენება მოეწყო


08.08.2020

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს, ტალინის კინო „არტის“-ში, დიმიტრი ცინცაძის ფილმის „შინდისი“ ჩვენება გაიმართა. კინოჩვენება ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა, ჰენნ პილლუაასმა.

არჩილ ყარაულაშვილმა, დამსწრე საზოგადოების წარუდგინა ფილმი "შინდისი" და ისაუბრა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, 12 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე, საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის ჩათვლით.

საუბრისას ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ ომიდან 12 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, კვლავ მიმდინარეობს გამყოფი ბარიერებისა და მავთულხლართების აღმართვა, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გატაცებების, წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული ფაქტების ჩათვლით.

ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა ჰენნ პილლუაასმა, ღონისძიების გახსნით ნაწილში, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 12 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა სამეზობლოს მიმართ და ამ მხრივ არსებული საფრთხეები. პარლამენტის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ესტონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე მხარდაჭერას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშრობის საბჭოს ფარგლებში, სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ესტონეთის მიერ ინიცირებულ განხილვასა და შედეგად მიღებულ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთში მყოფი ქართული დიასპორის წევრები, ესტონეთის ხელისუფლების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ესტონეთში აკრედიტებული ელჩები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა  და მედიის წარმომადგენლები.