პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აშშ - „ქართული მემკვიდრეობის აკადემიამ“ ქართული ენის ონლაინ სწავლების კურსები დაიწყო


14.04.2020

მსოფლიოში გავრცელებული კორონა-ვირუსით (COVID-19) გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ქ. ვაშინგტონში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციამ  - „ქართული მემკვიდრეობის აკადემია“ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი თანამემამულეებისთვის დაიწყო ქართული ენის ონლაინ სწავლების უფასო კურსები. აღნიშნული კურსები ინიცირებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ფარგლებში.

დღეის მდგომარეობით, კურსზე რეგისტრირებულია სულ 89 მოსწავლე ამერიკის შეერთებული შტატების 13 ქალაქიდან, აგრეთვე, პატარა თანამემამულეები ბარსელონიდან, პრაღიდან, მოსკოვიდან და კიშინიოვიდან.  უკვე შექმნილია 15 საკლასო ჯგუფი, რომელიც ასაკისა და ქართული ენის ფლობის დონის მიხედვით არის დაკომპლექტებული. ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ „ქართული მემკვიდრეობის აკადემიის“ გამოცდილი პედაგოგები.

უახლოეს მომავალში, ქართული ენის სწავლებასთან ერთად, იგეგმება კიდევ ერთი ონლიან სასწავლო კურსი - „ჩემი საქართველო“, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ „ქართული მემკვიდრეობის აკადემია / The Academy of Georgian Heritage“, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა, აქტიურ დიასპორულ საქმიანობას ეწევა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორგანიზაციის მიზანია ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა.