პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ 26 მაისისადმი მიძღვნილი მიღება გამართა


26.05.2021

2021 წლის 26 მაისს, ქალაქ კანბერის „თანამეგობრობის კლუბში“, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქალაქ კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ავსტრალიაში მცხოვრები თანამემამულეები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა გიორგი დოლიძემ და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსმა, იენ მაკკონვილმა.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე და 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი 30 წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ განვლილ გზასა და მიღწევებზე.

გიორგი დოლიძემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა საქართველო-ავსტრალიის მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა და მადლობა გადაუხადა ავსტრალიურ მხარეს საქართველოს გამორჩეული მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ღონისძიება ქართული მრავალხმიანი სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. ქართული ხალხური სიმღერები ქალაქ კანბერის ავსტრალიელებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა გუნდმა - “Worldly Goods” შეასრულა.

#26მაისი #ესდღეჩვენია