პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 


08.08.2020

7 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა და ცნობილი ქართველი კინორეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმის „შინდისი“ ჩვენება.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა 12 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უმძიმესი ვითარების თაობაზე, მცოცავი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებული არაღიარების პოლიტიკა და საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საელჩოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ბაქოს ქართული სათვისტომოს წევრები, აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დეპუტაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თავდაცვის ატაშეები, ასევე, მასმედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ელჩს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აზერბაიჯანის „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“.