პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და დიასპორული ორგანიზაციის „ინიციატივა ქართველების განათლება და ინტეგრაცია კატალონიაში“ წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა


14.07.2020

მიმდინარე წლის 12 ივლისს გაიმართა ვირტუალური შეხვედრა ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და დიასპორული ორგანიზაციის „ინიციატივა ქართველების განათლება და ინტეგრაცია კატალონიაში“ წარმომადგენლებს შორის.შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თანამემამულეთა დახმარების კუთხით საქართველოს მთავრობის, ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და აღნიშნული დიასპორული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა.

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საკონსულო მომსახურებასთან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან და საქართველოში დაბრუნებასთან, ასევე, ესპანეთის სამეფოს მიერ უცხოელ მოქალაქეთა ლეგალურ საფუძველზე ყოფნასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობის საკითხებს. თანამოქალაქეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ქართველი და უცხოელი მოქალაქეების საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობისა და ადგილზე გასავლელი ფორმალობების შესახებ.

თანამემამულეები დაინტერესდნენ ესპანეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი სტუდენტების ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის პირობებთან დაკავშირებული სიახლეებით. აგრეთვე, დიასპორის წარმომადგნელთა ინტერესი გამოიწვია საკონსულოს მიერ დისტანციური მომსახურების შესაძლებლობამ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პროექტებს, რომელთა განხორციელება დაეხმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ყოფითი პრობლემების გადაჭრაში და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას.

საკონსულოსა და დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის ზემოთ აღნიშნულმა ფორმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაწყდა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდ ინტენსიურ სახეს შეიძენს.