პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბერნის უნივერსიტეტში გაიხსნა ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი "საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე"


02.10.2023

გასული წლის მსგავსად, 2023 წლის 25 სექტემბრიდან, ბერნის უნივერსიტეტში კვლავ ტარდება ქართველური სწავლების სემესტრი, ამჯერად სახელწოდებით "საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე".

სალექციო კურსი შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები და დოცენტები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის, ქართული გალობის, ფოლკლორისა და მრავალხმიანობის შესახებ.

სალექციო კურსი გახსნა, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. მან ისაუბრა საქართველოს უძველესი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომელიც თვითმყოფადი სახით ჩამოყალიბდა და რომელმაც ღირებული წვლილი შეიტანა სხვადასხვა პერიოდში მსოფლიოს კულტურათა მნიშვნელოვანი ტენდენციის ჩამოყალიბებაშიც.

პირველი ლექციის თემა იყო სალექციო კურსის შესავალი და მიმოხილვა. ლექციას უძღვებოდა ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი. პროფესორმა სტუდენტებს და მსმენელ საზოგადოებას აცნობა, რომ წლევანდელ სალექციო კურსთან მიმართებაში მთავარი აქცენტი არქეოლოგიაზე და პრეისტორიულ ხანაზე გაკეთდება. პროფესორმა შტუდერ-კარლენმა ასევე ისაუბრა უძველესი ქართული სახელმწიფოების კოლხას და იბერიის შესახებ, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდნენ და რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჰელინისტური და რომაული ცივილიზაციების ჩამოყალიბებაში.

ლექციაზე, ასევე სიტყვით გამოვიდნენ ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების დოცენტი, მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტოფაძე-გოიმანი და შვეიცარელი მუსიკათმცოდნე, საპატიო დოქტორი თომას ჰოიზერმანი.

მომდევნო ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 2 ოქტომბერს, 14:15 საათზე, ბერნის უნვერსიტეტში, შემდეგ მისამართზე: UniS, Schanzeneckstrasse 1, 3012 Bern, აუდიტორია A-122. ლექციის თემა იქნება “წმინდანთა თაყვანისცემა და სამონასტრო კულტურა საქართველოში", რომელსაც გაუძღვება ფრიბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ფრანც მალი.