პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანის მიმართვა ევროპის დღესთან - 9 მაისთან დაკავშირებით


09.05.2021

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიმართვა ევროპის დღესთან  - 9 მაისთან დაკავშირებით:

 

"დღეს, დიდი ევროპული ოჯახი ევროპის დღეს ანუ ევროკავშირის დაფუძნების იდეას ზეიმობს. საქართველო, როგორც ისტორიულად ევროპული ოჯახის წევრი, ყოველწლიურად აღნიშნავს ამ თარიღს.

ოდითგანვე საქართველოს უნიკალური წვლილი შეჰქონდა ევროპული ფასეულობების ფორმირებაში. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის დამცველად. სწორედ ეს საერთო ღირებულებები განაპირობებს ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევით, ევროკავშირისა და მისი წევრების მხარდაჭერით, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მხოლოდ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე კომპლექსური რეფორმებით საქართველო ტრანსფორმირდება წარმატებულ ევროპულ დემოკრატიად. ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში. სახეზეა მზარდი დინამიკა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაში, საქართველო ჩართულია რეგიონისთვის საკვანძო სტრატეგიულ პროექტებში და ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურ გამოყენებას ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის იდეის განხორციელების სახით.

ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ღრმავდება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, გრძელდება ევროკავშირის სააგენტოებთან და პროექტებთან დაახლოება, ფართოვდება თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, საქართველო კვლავ მოწინავე ადგილზეა განათლების სფეროში ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ, კერძოდ კი, ერასმუს პროგრამაში ჩართულობის თვალსაზრისით, რაც ქართველ სტუდენტებს უაღრესად დიდ შესაძლებლობებს უქმნის.

ევროკავშირის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

მთავრობის სწრაფვა, 2024 წელს, მზად ვიყოთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, კიდევ ერთხელ, ადასტურებს ჩვენს ამბიციურ გეგმებს - მაქსიმალური გავაკეთოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის განხორციელებისთვის, რაც შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გააუმჯობესებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურობას, განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას და თითოეული მოქალაქის უფლებებსა და დაცულობას.

არ შემიძლია ევროპის დღეს განსაკუთრებით არ აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოუჩინეს საქართველოს გლობალური პანდემიისა და მის შედეგებთან გამკლავების პროცესში.

დღეს ევროპას სჭირდება გამოწვევების წინააღმდეგ ძლიერი და მედეგი საქართველო. საქართველოს ევროპული იდენტობის გზაზე ჩვენი ისტორიული თავდადების ისევე, როგორც თანამედროვე საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევის შესახებ, ევროპის დღეების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უმასპინძლებს ევროპის დღეებს, რა დროსაც ვირტუალურ ფორმატში საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებაში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ევროპის დღეს! ევროპული იდეა უკვდავია!"