პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დეა მუმლაძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის, შინაგან საქმეთა და შენგენის საკითების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა


02.10.2023

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის, შინაგან საქმეთა და შენგენის საკითხების დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ალიკი კოცომიტოპულუს (Aliki Koutsomitopoulou).

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ორმხრივი ხელშეკრულების შემუშავების საკითხი. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის D კატეგორიის (საემიგრაციო) ვიზის მისაღებად არსებული პროცედურების გამარტივების შესაძლებლობები საბერძნეთში დროებითი, ლეგალური, დასაქმების მიზნით.

ასევე ისაუბრეს საბერძნეთში ლეგალურად, D კატეგორიის (საემიგრაციო) ვიზით, შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის შემდგომში ბინადრობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის საკითხზე.

საქართველოს საელჩო განაგრძობს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და იმედოვნებს, რომ ბერძნულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობით უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ხელშესახების შედეგების მიღება.

საელჩო პერიოდულად უზრუნველყოფს ინფორმაციის მოწოდებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.