პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩის ნატალი საბანაძეს მიმართვა თანამემამულეებისადმი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით


09.08.2020

ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო,

დღეს, პირველად, ვირტუალურად გვიწევს შეხვედრა. რომ არა პანდემია, ჩვენ აქ შევხვდებოდით ერთმანეთს ამ გამოფენაზე. ძალიან დასანანია, რომ ფიზიკურად ერთად არ ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, ასე ყველას შემიძლია მოგაწვდინოთ ხმა, მათ შორის, იმათაც, ვინც შეიძლება ახლა ბელგიაში არ იმყოფება.

აგვისტო ყველა ქართველისთვის მძიმე თვეა. ამ დღეს, 12 წლის წინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი. მახსოვს ის შეგრძნება ტკივილის, უსამართლობის, უსუსურობის. ომი დასრულდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება - ხალხს იტაცებენ, კლავენ, ამცირებენ, მიწებს ართმევენ.

საქართველო აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკას, ცალმხრივად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების პირობებს, ცდილობს ხელი გაუწოდოს თავის მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა. განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, ჩვენი დახმარებით ბევრი გადარჩა. სპეციალურად აღიჭურვა საავადმყოფო საოკუპაციო ხაზთან და ბევრ ადამიანს უმკურნალეს. რა თქმა უნდა, ბევრსაც ვერ დავეხმარეთ, რადგან ჩვენ შორის რუსეთის სამხედრო მანქანა დგას და ხელს უშლის ადამიანური ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე წლის წინ შეიმუშავა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ ინიციატივის შესრულებას მთელი თავისი ძალით ეწინააღმდეგება საოკუპაციო ძალა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წვლილი შევიტანოთ მის შესრულებაში.

ჩვენ ვერ დავივიწყებთ დღევანდელ დღეს და ჩვენი ვალდებულებაა სხვასაც არ დავავიწყოთ! არ შევეგუოთ ოკუპაციას და უსამართლობა ჩვეულებრივ ბანალობად არ ვაქციოთ!

ერთი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, ყველას მშვიდობას აყენებს ზიანს, თუნდაც არაპირდაპირ.

მადლობას გიხდით და გემშვიდობებით ახალი შეხვედრის იმედით.

 

                                 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში,

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე