პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა თანამემამულეებთან შეხვედრა გამართეს


06.08.2020

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ქ. მადრიდში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა თანამემამულეებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის დაწყებამდე, არქიმანდრიტმა პიროს გოცირიძემ გამართა 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულთა მოხსენიების პანაშვიდი.

მსახურების შემდგომ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, უფროსმა მრჩეველმა ზურაბ მჭედლიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას საელჩოს უფროსმა მრჩეველმა მიმოიხილა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას.

აღინიშნა საერთაშორისო ვალდებულებების კვლავ დარღვევის ფაქტები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მე-12 წლისთავზე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, რუსეთის მიერ მავთულხლართებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვას, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, მათი გატაცების, წამებისა და მკვლელობის ფაქტებს.

საუბრისას ზურაბ მჭედლიშვილმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის იმ ძალისხმევასა და ქმედებებზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს რუსეთის უკანონო ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ამასთან, აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს თითოეული მოქალაქის როლის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, საელჩოს მრჩეველმა საკონსულო ფუნქციებით, თეიმურაზ ბასილაიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამართა კონსულტაცია საკონსულო თემატიკაზე და მიაწოდა ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით ესპანეთში შემოღებული ახალი ნორმებისა და რეგულაციების, ასევე, საქართველოში უსაფრთხო დაბრუნების შესახებ.