პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე


16.09.2020

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკო-სთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, კერძოდ კი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების დაზუსტებას დაეთმო.
 
მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს.
 
როგორც ხათუნა თოთლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.
საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. ამასთან საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი შეუძლია გადაამოწმოს შემდეგ ვებგვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:
 
1. დისტანციურად, ვებ-გვერდ www.geoconsul.gov.ge-ის საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე;
 
2. საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით;
 
3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფორმით დოკუმენტების გაგზავნის გზით.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია, დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება.
 
„წინა საპრეზიდენტო არჩევნების პრაქტიკიდან და დღესაც გვაქვს უკვე ამგვარი მაგალითები, ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეები განზრახ შეყავთ შეცდომაში, თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა რთული პროცესია და მოითხოვს აუცილებლად საელჩოში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მიგიღოს კონსულმა წინასწარ უნდა ჩააწერო სიაში, რომლიც უკვე შევსებულია და მხოლოდ ნოემბრის თვეში ადგილები თავისუფალი და სხვა. ამის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია დისტანციურად და პირადი გამოცხადება საელჩოსა თუ საკონსულოში მხოლოდ მოქალაქის სურვილზე დამოკიდებული“, - განაცხადა თოთლაძემ.
მისი თქმით, გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე - www.geoconsul.gov.ge-ზე შექმნილ სპეციალურ პლათფორმაზე.
 
2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის. შესაბამისად, ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი თუ რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩათვლით აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება. 11 აგვისტოს მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს 52702 მოქალაქე.

https://mfa.gov.ge/News/sazgvargaret-myofi-saqartvelos-moqalaqeebis-oqtomb.aspx?CatID=5