პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კატარში დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა და ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა


13.01.2020

ამა წლის 10 იანვარს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, საელჩოში მოეწყო შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, 12 იანვარს, კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კი გაიხსნა ქართული წიგნის კუთხე.

ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ავტორი და ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე.  

შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა. ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დაწყებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების, ასევე დოჰას წიგნის ბაზრობაზე ნოდარ დუმბაძის ნოველების არაბულენოვანი გამოცემის პრეზენტაციის თაობაზე. შეხვედრაზე, აგრეთვე, აღინიშნა თანამემამულეებსა და საქართველოს საელჩოს შორის მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიოგრი კეკელიძე კი თანამემამულეებს ესაუბრა ქართულ ლიტერატურაში, კულტურაში, ისტორიასა და თანამედროვე ხელოვნებაში არსებულ ტენდენციებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ ქართველი მწერლების წიგნები.

მოგვიანებით, 12 იანვარს, კატარში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული წიგნის კუთხე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მან მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტს, ომარ ალ ანსარის და კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს, ასმა ალ ბუენინს პროექტის მხარდაჭერისა და ღონისძიების მასპინძლობისთვის.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კი თავის გამოსვლაში აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია ქართული კუთხისთვის გადაცემული წიგნების, საქართველოს კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ქართული სამზარეულოსა და ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ყატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ჩვენი პირველი შეთანხმებაა ამ რეგიონის ქვეყნებთან და უამრავ პერსპექტივას გულისხმობს, მათ შორის, უახლოეს მომავალში ყატარის ბიბლიოთეკის ფანტასტიკურ დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ქართული კუთხის გახსნა კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კატარში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული კუთხე ხელს შეუწყობს კატარელ ახალგაზრდებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის მეტ პოპულარიზაციას.

ქართული წიგნის კუთხის გახსნის ცერემონიას სხვა სტუმრებთან ერთად, ასევე დაესწრნენ კატარის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები.