პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოქტომბერში ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება


26.08.2020

დღეს, 26 აგვისტოს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (UN Agency - IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ქართული დიასპორის მეტ ჩართულობაზე, მათ შორის, განხილულ იქნა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული დიასპორული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების საკითხები.

გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართული დიასპორის, სახელმწიფო უწყებების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის  ხელშეწყობა. კერძოდ, ფორუმი ხელს შეუწყობს ქართული დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე. მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერ როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სახის პროგრამებს, მათ შორის, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ იმ პროგრამებს რომელიც მიზნად ისახავს, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, როგორც ინვესტიციების, ასევე  ბიზნეს სტარტაპებისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას. აღნიშნული პროგრამების საშუალებით დიასპორის წარმომადგენლებს შეუძლიათ სამშობლოში განავითარონ სიცოცხლისუნარიანი მიკრო, მცირე და/ან საშუალო ზომის ბიზნესი (MSME).

ფორუმზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ასევე დაამყარონ კონტაქტები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.