პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონლაინ კონფერენცია - „ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რეალობა და გამოწვევები“


24.08.2020

21 აგვისტოს, ფონდის  - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაციის  - „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით  - „ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რეალობა და გამოწვევები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დიასპორულ საკითხებზე მომუშავე  30-მდე ორგანიზაციისა და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

კერძოდ, აღნიშნულ ონლაინ კონფერენციაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დიასპორული ორგანიზაციების ერთმანეთთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, დიასპორული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ამავე კომიტეტის წევრი, პარლამენტარი ენძელა მაჭავარიანი. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვარლამ ბაძაღუა, დიასპორის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი პიერ-ალექსანდრე კრევუა-ასათიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი დავით ფაცაცია.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს/გაერთიანებებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია დიასპორასთან მიმართებით უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების თაობაზე.

თავის მხრივ, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონფერენციაზე ისუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიასპორული საქმიანობის შესახებ, ქართული დიასპორის პრობლემატიკაზე, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ახალ დიასპორულ ინიციატივებზე. ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა თიკა სვანიძე-ვენკომ კი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის გაერთიანებისა და დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს განვითარების პროცესებში. მან, აგრეთვე, აღნიშნა ფონდის მიერ განხორციელებული ის საერთაშორისო პროექტები, რომელმაც დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან დიდი დაინტერესება  გამოიწვია.

ამასთან, კონფერენციაზე გაჟღერდა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებთან დაკავშირებული ინიციატივები და მოეწყო კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია საკვირაო სკოლების მიერ ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის სასწავლო რესურსებად ქცეული მასალების გამოყენების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ინიციატორმა - ფონდმა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, რომელიც გასულ წელს დაარსდა, „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრთან“ ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით, საფუძველი ჩაუყარა და უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული დიასპორული პროექტი.