პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუამ საქართველოს კონსულებთან ვიდეო-კონფერენცია გამართა


11.04.2020

მიმდინარე წლის 11 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ ვიდეო-კონფერენცია გამართა გერმანიაში, ესპანეთში, ისრაელში,ნიდერლანდების სამეფოში,პოლონეთში,საბერძნეთსა და საფრანგეთში საქართველოს კონსულებთან და ქ. ბარსელონასა და ქ. ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ კონსულებთან.

ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფის საკითხები. მინისტრის მოადგილემ კონსულებისგან მოისმინა ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების შესახებ.

ვიდეო-კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, განაგრძობს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს, რისთვისაც მიმდინარე წლის 27 აპრილის ჩათვლით, განსაზღვრულია კომპანია „Georgian Airways”-ის რეისები ევროპის დედაქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონსულებს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ხშირ შემთხვევაში მაღალი რისკის ქვეყნებში, პროფესიული საქმიანობის ღირსეულად შესრულებისთვის.