პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა სამინისტრო პედაგოგიურ საქმიანობაში ჩართულ დიასპორელებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს ულოცავს


27.10.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ მოქმედ ქართული საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს "მასწავლებლის ეროვნულ დღეს" ულოცავს:

"ძვირფასო თანამემამულეებო,

 

ყოველი დრო და ერი ადამიანთა აღმზრდელებს შესაფერის პატივს მიაგებდა. ყოველ ერს ყავს გამორჩეული აღმზრდელი. ასეთად საქართველოში  ქართული სკოლისა და განათლების ფილოსოფიის ფუძემდებელი, იაკობ გოგებაშვილი გვევლინება. იაკობ გოგებაშვილმა შექმნა ახალი დროის შესაფერისი ქართული ცნობიერების მოდელი და სკოლასაც სწორედ ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მისია დააკისრა.

საქართველოს ხელისუფლებამ, მასწავლებლის განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული დღე დააწესა. იგი წელს პირველად, 27 ოქტომბერს, დიდი ქართველი პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, უკვდავი „დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

მსურს გულითადად მოგილოცოთ მასწავლებლის ეროვნული დღე და მადლობა გადაგიხადოთ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს და პედაგოგებს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც თქვენ, მიუხედავად თქვენი დატვირთული განრიგისა,  ასე უანგაროდ და დიდი ძალისხმევით ეწევით საზღვარგარეთ მოზარდ თაობაში მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისათვის.  

ბოლო ხანებში, თქვენი აქტიური ჩართულობით ჩვენმა ინტენსიურმა შეხვედრებმა  ნაყოფი გამოიღო და ნათლად გამოკვეთა განათლების სფეროში განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების პრიორიტეტები. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანი  კვლავაც იქნება  საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა,  ერთიანი სტანდარტის დანერგვისა და სწავლის დონის ამაღლების  მიმართულებით, მეტი ყურადღება დაეთმობა ქართულ საკვირაო სკოლებში სასწალო პროცესის მიმდინარეობისას არსებულ პრობლემებს, საკვირაო სკოლების პედაგოგთა რეკომენდაციებისა და შენიშვნების  მაქსიმალურად გათვალისწინებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ   მასწავლებლის ეროვნულ დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს იმ ურთულესი მისიის შესასრულებლად, რომელიც თქვენ გაკისრიათ მოზარდი თაობის განათლებისა და განვითარების, მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბების საქმეში!" - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.